logo
ENG



ოცნება აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომს "სამართლებრივი შეფასება მიეცემა"

07 აგვ 202414:21
3 წუთის საკითხავი
 
ოცნება აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომს "სამართლებრივი შეფასება მიეცემა"

ქართული ოცნება აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ომის დაწყებაში ბრალს კვლავ ნაციონალურ მოძრაობას დებს და იმუქრება, რომ "2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება."

ივანიშვილის პარტია ასევე ირწმუნება, რომ უკრაინაში ომის ფონზე, სწორედ ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ქვეყნის ომში ჩართვა.

"ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაული სწორედ 2008 წელს ჩადენილი ავანტიურაა. ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად ასე მოხდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რადგან საერთაშორისო სასამართლოებში ყველა რისკი მოხსნილია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება", - წერია ოცნების განცხადებაში.

განცხადებაში, რომელშიც ოცნება მხოლოდ ერთხელ, ბოლოში ახსენებს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში, ივანიშვილის პარტია არაერთხელ იმეორებს, რომ ომის დაწყება ნაციონალური მოძრაობის "მოღალატეობრივი დანაშაულია" და ასევე ის, რომ მათ ამ დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევთ პასუხისგება.

"ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა", - წერია განცახადებაში.

ოცნება აღნიშნავს, რომ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ნაცვლად, 7 აგვისტოს "გამოცხადება", ემსახურება მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებსა და მიზანს - გადაფარონ თავიანთი პასუხისმგებლობა.


close დახურვა